კახა კალაძე: აქცია არ დაუშლიათ, ეს იყო მოგერიება

აქციის დაშლა არ მომხდარა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე თქვა, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო, პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ და არავის არაფერი ეპატიება.

„სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ, უბიძგებდნენ იმისკენ, რომ შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა“, - განაცხადა კალაძემ.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.