თავდაცვის სამინისტრო: დაშავებული სამხედროების სიცო​​ცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება იმ სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს, რომლებიც 1 ივლისს, დაბა შეკვეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. უწყების ცნობით, დაშავდა 14 სამხედრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს, რომელსაც გადაჰყავდა მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 14-მა სამხედრო მოსამსახურემ.

„დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2019 წლის 01 ივლისს ოზურგეთის რ-ნის დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.