კობა გვენეტაძე: ინფლაციური პროცესების განვითარების შემთხვევაში, ზომები ადეკვატური იქნება  

კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში ინფლაციური პროცესების გააქტიურების შემთხვევაში ეროვნული ბანკი მზადაა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომლებიც აისახება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში:

„დავაკვირდებით და თუ იქნება ინფლაციაზე წნეხი, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გვექნება. მოგეხსენებათ, ინფლაციის თარგეთირება გვაქვს ქვეყანაში და გაცხადებული მაჩვენებელი არის სამი პროცენტი.

თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არ არის ლიმიტი და შესაძლებელია, ინფლაცია იყოს სამ პროცენტზე ზემოთ ან ქვემოთ. რა თქმა უნდა, ეგზოგენურმა ფაქტორებმა შეიძლება, იქონიოს გავლენა და ამ შემთხვევაში, ზუსტად ეს არის ეგზოგენური და არა მონეტარული ფაქტორი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია საქართველოში 4.7 პროცენტია. ივნისის მაჩვენებელი 3 ივლისს გამოქვეყნდება.

რაც შეეხება სებ-ის მიერ რეზერვების შევსების საკითხს, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი დაფიქრებულად დგამს ნაბიჯებს და ლარის გამყარების დროს აწარმოებს შესყიდვას:

„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები და აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება. ყოველი მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, რომ შევავსოთ საერთაშორისო რეზერვები, უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ უცხოურმა ინვესტორებმა საქართველო განიხილოს საიმედო ქვეყნად“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.