დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტის“ განცხადებით, მან მიაკვლია მტკიცებულებას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი ლონდონის ცენტრში მდებარე სასტუმროდან უწევდა 2018 წლის მარტში, რუსეთის ყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალზე ნერვული აგენტით თავდასხმას კოორდინირებას.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავრობა დაადანაშაულა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მომხდარ თავდასხმაში და განაცხადა, რომ სკრიპალი და მისი შვილი, იულია, მოწამლეს საბჭოთა წარმოების სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღით, ე.წ. „ნოვიჩოკით“. პუტინი უარყოფს რუსეთის კავშირს ამ ინციდენტთან.
სკრიპალების საქმეზე თავის ბოლო ანგარიშში "ბელინგკეტი წერს", რომ მან მოიპოვა ოქმები სატელეფონო მეტამონაცემებით, საიდანაც ჩანს, რომ მოწამვლას განაგებდა და კოორდინირებას უწევდა მაშინ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აქტიური ოფიცერი დენის სერგეევი.
"ბელინგკეტის" პარტნიორი საგამოძიებო საქმიანობაში, „ბი-ბი-სი ნიუსნაიტი“აცხადებს, რომ მისი წყაროს თანახმად, სერგეევს რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. „სამხედრო დაზვერვის გენერალ-მაიორის მონაწილეობა ამ ოპერაციის უჩვეულოდ მაღალ მნიშვნელოვნებას გვიჩვენებს“, წერს ბელინგკატი.
ჯგუფის თანახმად, სერგეევის მიერ ლონდონში ხანმოკლე ყოფნის დროს ტელეფონის გამოყენება მეტყველებს მეთოდზე, რომელსაც მოიხმარდნენ სხვა ოპერაციების დროს, როცა მაღალი რანგის კოორდინატორი ოფიცერი მოქმედებებს მოსკოვთან ათანხმებს. ამ დროს ადგილზე მყოფი აგენტები არავითარ ინსტრუქციას იღებენ ტელეფონით თუ ინტერნეტით.