სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში მძიმე დღეებია, მორიგი მწვავე პოლიტიკური კრიზისი. სპონტანური და მწვავე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლის შედეგად დაშავებულია 240-ზე მეტი ადამიანი, მოქალაქეებმა - ახალგაზრდებმა - დაკარგეს თვალები, მხედველობა, მიიღეს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა.
და რას მოჰყვა ეს უბედურება? საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში ოფიციალური რუსეთის წარმომადგენლის, ბატონი გავრილოვის ხილვას. საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ეს სახე მყისიერად გარდაიქმნა ძალიან მტკივნეულ სიმბოლოდ. რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების სიმბოლოდ - რომელიც, მთელი მისი „რბილი ძალის“, ე.წ. ფეიკ-ნიუსების, თუ ყალბი ამბების, პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ასეთ, "ნაჯახივით" უხეშ რეალობას ქმნის. და ალბათ იმის სიმბოლოდაც, რომ საქართველოს, ყოველ შემთხვევაში მის ხელმძღვანელობას და პოლიტიკურ კლასს, ჯერაც ვერ გაურკვევია, თუ ვისთან, ან რასთან აქვს საქმე დღევანდელი რუსეთის სახით. როგორ გახდა შესაძლებელი ამ სურათის ხილვა საქართველოს პარლამენტში? რატომ და როგორ მოვედით აქამდე? -- ეს კითხვები ღიად რჩება. პასუხგაუცემელია მთავარი კითხვაც - მაინც რა მოუტანა საქართველოს "ქართული ოცნების" პოლიტიკამ რუსეთთან აღედგინა პრაგმატული, ეკონომიკური და, ასე ვთქვათ, რელიგიურ-კულტურული კავშირები?
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
ამ კითხვებზე პასუხებთან დასაახლოებელი გზა კი ალბათ გადის საკუთრივ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური რეალობის უფრო უკეთ და, ამავე დროს, უფრო მშვიდად და რაციონალურად გაგებაზე. მაინც როგორ ფიქრობს და როგორ მუშაობს რუსეთი დღეს? რა გზით, რა პროცესებით მივიდა ის მის დღევანდელ მდგომარეობამდე? რამდენად არის მისი დამოკიდებულება საქართველოსთან და, ვთქვათ, უკრაინასთან, უბრალოდ ერთი მოვლენის, თუ პროცესის - პოლიტოლოგთა ენაზე „ნეოიმპერიალიზმის“ - გამოვლინება, თუ უფრო ღრმად წასვლაა საჭირო და პასუხების რუსეთის ისტორიის, კოლექტიური წარმოსახვის, მის კულტურაში, ლიტერატურაში შექმნილი „კავკასიის“ და კონკრეტულად „საქართველოს“ იერსახეებში ძიება?
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი სწორედ ამ კითხვებს ეხება და კოლეგებს, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტებს მასპინძლობს. პოდკასტის პირველ ნაწილში რუსეთის პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრებით ანდრეი შარის, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორს და რამდენიმე წიგნის ავტორს იმპერიათა ისტორიის შესახებ. შემდეგ კი ამ პოლიტიკური რეალობის კულტურულ ისტორიაზე, თუ წარმოსახვით კონტექსტზე მოგვიყვება იგორ პომერანცევი - ვეტერანი ჟურნალისტი, მწერალი, ესეისტი და პოეტი, წამყვანი გადაცემისა „ბარიერებს ზემოთ“.