ზელენსკიმ 14 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. მათ შორის 6 ქართველია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განკარგულებით მოქალაქეობა მიანიჭა 14 უცხოელს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდნენ.

პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ამ პირებს შორის, რომელთათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება „სახელმწიფოებრივ ინტერესს“ წარმოადგენს, ექვსი ქართველია: დავით გაჩეჩილაძე, თენგიზ ზანაძე, გიორგი კახნიაშვილი, მერაბ კონცელიძე, მამუკა მუზაშვილი და ლევან ხუციშვილი.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ პირთათვის მოქალაქეობის მინიჭების მხრივ, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავდნენ. „ამიერიდან პრეზიდენტის მხრიდან ადგილი არ ექნება ამ პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პროცესს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობაში.