შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი მხარდამჭერი აქციის, კონტრაქციის გამართვა საჭირო არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მსგავსი ტიპის აქციები, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას, ხელს უშლის უწყებას, სიტუაციის დარეგულირებისას. მისივე თქმით, ასეთი აქციები უფრო გაამწვავებს სიტუაციას.
"ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ვილაპარაკოთ, არამედ შევძლოთ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები", - თქვა გიორგი გახარიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია იგეგმება. თუმცა, ოფიციალური ღონისძიება არ გამოქვეყნებულა.
28 ივნისს, მეცხრე დღე ხდება, რაც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციები იმართება.