რუსეთში დააკავეს კრემლის ოპონენტისა და ყოფილი დეპუტატის ბიზნესპარტნიორი

რუსი ბიზნესმენი, ყოფილი დეპუტატი სერგეი პეტროვი

რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყოფილი დეპუტატის, კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სერგეი პეტროვის ბიზნესპარტნიორი, ანატოლი კაირო. ის კომპანია „როლფის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კაირო 48 საათით იქნა დაკავებული ეჭვმიტანით, რომ სერგეი პეტროვს დაეხმარა 2014 წელს რუსეთიდან 4 მილიარდი რუბლის (63,5 მლნ დოლარის) უკანონოდ გატანაში.

საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია ოთხი ადამიანის მიმართ.

ერთი დღით ადრე კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს კომპანიის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ოფისებში, დაკითხეს „როლფის“ თანამშრომლები.

პეტროვი სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო 2007-2016 წლებში და ხშირად გამოხატავდა დანარჩენი დეპუტატებისაგან განსხვავებულ, კრემლის მიმართ კრიტიკულ პოზიციას. ის აკრიტიკებდა, მაგალითად, კრემლის პოლიტიკას უკრაინაში და კანონს, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალა რუსეთში შვილის აყვანა.