ენგურის ხიდზე გადაადგილება ჯერჯერობით ნაწილობრივაა შეზღუდული

ენგურის ხიდი

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლება მხოლოდ იმ პირებს მისცეს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობაც აქვს.

ზუგდიდიდან ოკუპირებულ რეგიონში გადაადგილება ჯერჯერობით შეზღუდული არ არის, თუმცა მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ დღის მანძილზე მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება.

მითხრეს დღეს იქეთ გაგიშვებთ მაგრამ, უკან შემდეგ ვერ მობრუნდებიო. აფხაზმა მესაზღვრეებმა მითხრეს, ალბათ 3 თვითაა ჩაკეტილიო, მაგრამ რეალურად არავინ იცის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გივი ყოლბაიამ ენგურის ხიდზე. ენგურის ხიდზე გამონაკლისის სახით ორმხრივად მოძრაობას შეზღუდვების გარეშე ახერხებენ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი, ცალმხრივად 27 ივნისს ღამით ჩაკეტა. წუხელვე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაადგილება ორმხრივად იზღუდება დროებით, საქართველოში მიმდინარე “პროვოკაციული შინაარსის” საპროტესტო აქციების გამო.

ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისს მიმართა. აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა სხდომაზე ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: "ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ".

საქართვეელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვად შეაფასა.