მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის ხმის მიცემაში მონაწილეობა 2 პირის თხოვნით არ მიიღო

მარიამ ჯაში

განათლების,მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გაიმართა ცოტა ხნის წინ. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ამით მან შეასრულა ორი ადამიანის თხოვნა:

2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. დადგენილება დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.