კიევის სასამართლომ ცესკოს დაავალა, ხელახლა განიხილოს არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მონაწილეობის საკითხი

კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა, ხელახლა განიხილოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ საბუთები ვერხოვნა რადის რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაციისთვის.

„ჩვენ გავიმარჯვეთ. სასამართლომ მხარი დაგვიჭირა. არჩევნებზე მივდივართ“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში.

კანდიდატების რეგისტრაცია 25 იანვარს დასრულდა. გუშინ, გვიან საღამოთი, „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრები და მათი რამდენიმე ათეული მხარდამჭერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდნენ. ისინი მოითხოვდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და კანდიდატების რეგისტრაციის ხელახლა განხილვას. შენობასთან პოლიცია გამოიძახეს.

24 ივნისს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებს. კომისიაში მიიჩნიეს, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც კანდიდატთა საარჩევნო სიები დაამტკიცეს, მისი წესდების დარღვევით გაიმართა.

მანამდე კიევის სასამართლომ სააკაშვილს უფლება მისცა ვერხოვნა რადის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს. სააკაშვილს ფორმალურად არ შეუსრულებია ეს პირობა, ვინაიდან შარშან თებერვალში მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და დეპორტაცია გაუკეთეს.

უკრაინის პარლამენტის არჩევნები 21 ივლისს ტარდება.