რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის აკრძალვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო არხანგელსკის ოლქში მდებარე შიესის სადგურზე ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის აკრძალვა. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი.

არხანგელსკის საოლქო სასამართლომ აპრილის ბოლოს უკანონოდ ცნო დეპუტატთა რეგიონული კრების დადგენილება, რომლითაც აიკრძალა რეფერენდუმის ჩატარება მოსკოვიდან ნეგვის შეტანის საკითხზე.

სასამართლომ ადგილობრივ საარჩევნო კომისიას დაავალა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირება რეფერენდუმის ჩასატარებლად.

ოლქის მთავრობამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.

არხანგელსკის საოლქო საბჭოს დეპუტატებმა ორჯერ დაბლოკეს ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, როცა ფედერალურ კანონმდებლობასთან შეუთავსებლად ცნეს პლებისციტის შეკითხვების ფორმულირება.

რეფერენდუმის წინააღმდეგ აქტიურობდა ადგილობრივი პროკურატურის ხელმძღვანელიც.

არხანგელსკის ოლქში, შიესის სარკინიგზო სადგურზე აშენებენ ნაგავსაყრელ პოლიგონს, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

აქტივისტები ორ თვეზე მეტია, აპროტესტებენ მშენებლობას, მორიგეობენ სადგურთან და ხელს უშლიან სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებას.