აშშ-მა ირანის შეიარაღებული ძალების კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა მას შემდეგ, რაც ირანმა 20 ივნისს ამერიკის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ იტყობინებიან აშშ-ის მედიასაშუალებები. მათ ხელთ არსებული ცნობების თანახმად, კიბერთავდასხმის განსახორციელებლად ნებართვა გასცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
როგორც იტყობინებიან, კიბერთავდასხმები მიმართული იყო რაკეტების გამშვები სისტემების წინააღმდეგ. ამერიკელი სამხედროების შეფასებით, ისინი წარმატებული იყო, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“.
ოფიციალურმა პენტაგონმა უარი თქვა ცნობის კომენტირებაზე. ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია არც ტრამპს. რამდენიმე დღის წინ ის კატეგორიულად უარყოფდა „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოჩენილ ცნობას, რომ აშშ-ის სამხედროები შესაძლოა რუსეთის ქმედებების საპასუხოდ კიბერთავდასხმებს ამზადებდნენ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
მაგრამ ტრამპმა დაადასტურა პრესის ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯერ გასცა ბრძანება ირანში სამიზნეების წინააღმდეგ იერიშის განხორციელების შესახებ, ბრძანების შესრულებამდე ათი წუთით ადრე კი გააუქმა ის, ვინაიდან დარტყმებს დიდი მსხვერპლი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ადამიანებს შორის.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ირანზე ზეწოლას და 24 ივნისს მის წინააღმდეგ შემოიღებს ახალ მკაცრ სანქციებს.
ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ დრონი ჩამოაგდეს, ვინაიდან ის ქვეყნის ტერიტორიის თავზე იმყოფებოდა. აშშ ამტკიცებს, რომ დრონი ნეიტრალური წყლების თავზე მიფრინავდა.
აშშ ირანს ასევე ბრალს სდებს ომანის ყურეში ორი ტანკერის აფეთქებაში. თეირანი უარყოფს ბრალდებას. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც შარშან აშშ გამოვიდა ირანთან მიღწეული ე.წ. „ბირთვული გარიგებიდან“.