22 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, უნდა მიეშვათ თუ არა პოლიტიკოსები ტრიბუნასთან - ზოგი მიიჩნევდა, რომ ეს აქციას პოლიტიკურ სარჩულს მისცემდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსების გარეშე აქცია მიზანს ვერ მიაღწევდა.
საბოლოოდ, აქციაზე სიტყვით მაინც გამოვიდნენ პოლიტიკოსები და აი, რა თქვეს მათ:
სალომე სამადაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
„მინდა მივმართო კახი კალაძეს, კახი, არმანის კოსტიუმში რომ გამოეწყობი და „გაზპრომთან“ წახვალ მოლაპარაკებებზე ჩუმად ბრიუსელში, გახსოვდეს, რომ საქართველოში ჩვენ არაერთხელ დავდექით ერთად, როგორც კედელი აღვუდექით რუსულ ოკუპაციას, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დამონებას და არ გაპატიებთ არც გაზპრომთან მოლაპარაკებებს და არც იმას, რომ დაგვცინი, როდესაც გვეუბნები, რომ აქ თურმე ხალხის გაფრთხილება შენს მოვალეობაში არ შედიოდა".
თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტია
„დღეს ჩვენ ყველა ვეუბნებით იმ ხელისუფლებას, რომელმაც ოკუპანტების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებზე ნადირობა გამოაცხადა, ვეუბნებით უარს. გახარია გადადგება, ჩვენს მოქალაქეებზე მონადირე გახარია, გადადგება”.
ალექსანდრე ელისაშვილი, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა”
„გიორგი გახარიავ, ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი ხარ, როგორც ვიცი შვილების მამა ხარ, შე მამაძაღლო შენა, შენი შვილების ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუხეთქე, თვალები რომ დათხარე, ბიჭო, რა ნამუსით გძინავს? რა სინდისით იღვიძებ? ბავშვებს როგორ ეფერები? რა სავარძლად, რა აყროლებულ კაბინეტად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე. რა სინდისით და რა ნამუსით შედიხარ სახლში, ან ისინი როგორ გესალმებიან? ყოველი წამი ამ გახარიას მინისტრობისა არის თავსლაფი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის. გახარია, დაახვიე თანამდებობიდან, სანამ გამოგათრიეთ მაქედან“.
ელენე ხოშტარია, “ევროპული საქართველო”
„მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი. აქ დგას ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიის ადამიანი. მთავარია, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ შეშინებულმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ შორის შეიტანოს შუღლი, მაგრამ დაპირისპირება არ იქნება, არ გამოუვათ ეს, ჩვენ შორის დაპირისპირება არ იქნება. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის, მოეშვით იმ ილეთს, რომ რუსთაველი დაგხვდებათ ცარიელი იმიტომ, რომ რუსთაველი დაგხვდებათ სავსე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“.
ზაალ უდუმაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”:
„გახარია, რომელიც თანამედროვე როდიონოვივით გამოვიდა გუშინ ტელევიზორში და თითის ქნევით გველაპარაკებოდა, თუ მაგარი ბიჭია, გავრილოვისთვის დაექნია თითი, ფიანდაზები, რომ დაუგო და ისე შემოუშვა საქართველოში. დღეს ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება, ბოლო ბასტიონი ოლიგარქიატის დაეცა საქართველოში 20 ივნისს“.
საღამოს 7 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დასრულდა, დემონსტრანტები “ქართული ოცნების” სათაო ოფისკენ დაიძრნენ, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ აქციის მთავარ მოთხოვნებს - გადადგეს გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული აქციის წევრები და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.