კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებით დაცხრილა აქციის მონაწილეები

შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და პროპორციული წესით ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, - ასეთია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმის შინაარსი.

პოლიტიკური რეფორმის გამოცხადების აუცილებლობას პრემიერი 20 ივნისის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კონტექსტში ხედავს.

კვირიკაშვილი წერილობით მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში იმ ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც ის პრემიერის პოსტზე ყოფნისას იყენებდა.

„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე, შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები“, - წერს ყოფილი პრემიერი.

20 ივნისის ღამით რეზინის ტყვიების გამოყენებით ადამიანების დაცხრილვას გიორგი კვირიკაშვილი მიუტევებელ შეცდომას უწოდებს და თვლის, რომ მეტი პოლიციელის დროულად მობილიზების პირობებში ანდა მხოლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით შესაძლებელი იყო „იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს“.

კვირიკაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ფიქრობს, რომ საპროტესტო ემოციები თანდათან ჩაცხრება, მაგრამ თუკი ეს ამჯერად მართლაც ასე მოხდება, შემდეგ „პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება“.

ყოფილი პრემიერი თვლის, რომ მის მიერ შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე "ქართული ოცნება" „ჩიხიდან გამოსვლას“ შეძლებს.

„ქართული ოცნება შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად“, - წერს კვირიკაშვილი.