"ქართული ოცნება" - პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენებისას პოლიციამ გამოავლინა მაღალი თმენის ვალდებულება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება და ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

„პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის” - ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.