ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს

ზარარია ქუცნაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს დეპუტატის მანდატი.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აცნობიერებს ქართული საზოგადოების გაღიზიანებას და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ სწორი არ იქნება, თუკი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგება და ის, როგორც ასამბლეის მასპინძელი და პროცესში ჩართული პირი თანამდებობაზე დარჩება.

„ეს ჩემი მხრიდან არ იქნება ადამიანურად სწორი საქციელი“ - თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი განცხადებით, პარლამენტში თანამდებობა არ აქვს და აქვს მხოლოდ დეპუტატის თავისუფალი მანდატი, რომლის დასატოვებლად მზად არის.

ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატია, ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს იმისთვის, რომ მანდატზე უარის გადაწყვეტილება მათთვის არ შეუთანხმებია.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა რუსეთის დუმის დეპუტატი, ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მედიას გადასცემს სხდომის დღის წესრიგს, რომლის თანახმად, სხდომა უნდა წაეყვანა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს.

„მოხდა ის, რომ პარლამენტის სპიკერატში, სადაც აპარატსაც უდგას რამდენიმე სკამი, მათ უცვალეს ადგილი და სპიკერატში აღმოჩნდა ორი სკამი. როცა დავინახეთ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მივმართე გენერალურ მდივანს და ვუთხარი, მეორე სკამი ვისთვის იყო განკუთვნილი. მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთი, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ჩვენ ვწყვიტავთ ამ ორგანიზაციულ საკითხებს“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტით გამოწვეულ საზოგადოებრივ მღელვარებაზე პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ არა ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციამ უნდა აიღოს.