Human Rights Watch - სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა ძალა

"2019 წლის 20 ივნისს პოლიციის სპეცრაზმმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი საპროტესტო აქციის ათასობით არაძალადობრივი მონაწილის წინააღმდეგ", - აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაცია, "ჰიუმან რაიტს უოჩი" .

"ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის გრძელდება დაპირისპირება, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიუთითოს პოლიციას - დაიცვას ძალის გამოყენების საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმად, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ უნდა გამოიყენოს მკაცრად პროპორციული ძალა. ისეთი ზომა კი, როგორიც რეზინის ტყვიებია, უნდა გამოიყენოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში".

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია აცხადებს:

„პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ლეგიტიმური ზომები ხალხის მასის პარლამენტში შეჭრის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ისინი ვალდებული არიან ძალის - მათ შორის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის - გამოყენებისას დაიცვან ადამიანის უფლებების სტანდარტები“. გიორგი გოგია თვლის, რომ პოლიციას ეს სტანდარტები არ დაუცავს.

"ჰიუმან რაიტს უოჩი" ასე აღწერს 20-21 ივნისის ღამის ვითარებას: "დაძაბულობამ იმატა ღამის 10 საათისთვის. საპროტესტო აქციის ზოგიერთმა მონაწილემ გაარღვია პოლიციის პირველი კორდონი, რომელიც პარლამენტის შენობას აქციის მონაწილეებისგან იცავდა. სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი უკუაგდო. საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე და პოლიცია ერთმანეთს აწვებოდნენ, სხვები კი ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. პოლიციამ გამოიჩინა თავშეკავება მათი მოგერიებისას".

უფლებადაცვითი ორგანიზაციის შეფასებით, "ხალხის მასა დიდწილად არაძალადობრივი იყო, თუმცა ზოგიერთი მომიტინგე პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ პირდაპირი ეთერების საშუალებით აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს და დაინახა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საპროტესტო აქციის მონაწილეთა მასაში აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მათ უსაფრთხოდ აცილებდნენ".

რაც შეეხება მოვლენათა შემდგომ განვითარებას, ორგანიზაციის განცხადებაში წერია:

"შუაღამისას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ხალხის მასის მიმართულებით ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო. ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებზე ჩანან ადამიანები, რომლებიც რეზინის ტყვიებით დაზიანდნენ თავის, ფეხებისა და ზურგის არეში.

დილის 1 საათზე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ხალხის მასა „გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას“ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას".

"ჰიუმან რაიტს უოჩი" პოლიციას შეახსენებს:

"ძალის გამოყენებისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან დაიცვან შეკრების თავისუფლება და ადამიანის უფლებათა სტანდარტები იმისდა მიუხედავად, კანონიერ დემონსტრაციას შლიან თუ უკანონოს. სამართალდამცავთა მიერ ძალის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ფუძემდებლური პრინციპები პოლიციისგან მოითხოვს არაძალადობრივი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა ძალისა და იარაღის გამოყენებამდე ტერიტორიის დაცლისკენ მოწოდება.

პოლიციამ პატივი უნდა სცეს ძალის თანაზომიერად გაზრდის პრინციპს. როცა სამართალდამცავები იყენებენ ძალას, მათ უნდა გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ საფრთხის პროპორციულად და ეცადონ ზიანის მინიმიზაციას".

გიორგი გოგია აცხადებს: „მაშინაც კი, როცა პოლიციას აქვს უკანონო საპროტესტო აქციის დაშლის საფუძველი, მათ არ ეძლევათ კარტ ბლანში ამის ძალადობრივად განხორციელებისთვის“.