ჯანეზაშვილი: მიქაუტაძის კანდიდატობა ჩრდილს აყენებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს

გიორგი მიქაუტაძე, ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უარი უნდა თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე.

ჯანეზაშვილის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა უვადო მოსამართლედ, ანუ 2047 წლამდე, ახლა კი პროცედურული დარღვევებით, რომელიც მისმა კანდიდატობამ გამოიწვა, ცდილობს, გაიკვლიოს გზა და ამავე ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი ასახელებს ხუთ მიზეზს, რომლის გამოც გიორგი მიქაუტაძე აღარ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი:

1. გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს;

2.გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომელიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. ცხადია, ეს სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს;

3. გიორგი მიქაუტაძე ვალდებულია კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოაწეროს შესაბამის ოქმს, კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას. მის კანდიდატად დარჩენის შემთხვევაში იქმნება ჩიხი, რაც აზიანებს მთლიანად შერჩევის პროცესს;

4.გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულოდ დადგენილი 3 რეკომენდატორისა განაცხადში მიუთითა ორი, რის საფუძველზეც მას არ უნდა გადაელახა პირველი ეტაპი. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი კანდიდატის სტატუსით შემდგომ საფეხურზე დარღვევით გადავიდა;

5. გიორგი მიქაუტაძემ 7 ივნისის სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს;

„მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს. ამიტომ მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართება კენჭისყრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მეორე ეტაპზე გადასაყვანად. 139 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 50 გადავა.