საქართველოს მთავრობის სახელით, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, 17 ივნისს მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით არის დაცული, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებაც. ბახტაძემ "თბილისი პრაიდის" ჩატარებასთან წარმოქმნილ პრობლემაზე დასმულ კითხვაზე, მედიას უპასუხა, რომ პრობლემა გაზვიადებულია. და რომ დღეს, საქართველოში, რეალურად ორი პრობლემა არსებობს, „რაც ქართულ საზოგადოებას ადარდებს“: სიღარიბე და ოკუპაცია.
ახლა კი ვნახოთ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან რომელი ირღვევა ყოველდღე საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი და ქვიარი ადამიანებისათვის.
მეგობრების, თემის წევრების და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ უფლებების ჩამოთვლა ვთხოვეთ ნინო ბოლქვაძეს, "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთ ორგანიზატორს, იურისტს, ლესბოსელ აქტივისტს.
შეკრების თავისუფლება - როცა შენი ადგილი არსადაა
ამ წუთამდე გაურკვეველია თბილისი პრაიდის ფარგლებში ჩასატარებელი „ღირსების მარშის ბედი“ - უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ჰომოფობიური ძალები კი კორდონების გარღვევით იმუქრებიან.
2013 წლის 17 მაისის დარბევის შემდეგ ლგბტქ თემს საქართველოში თავისუფლად შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით არ უსარგებლია.
ასევე ნახეთ „მე აქ ვარ“ - ლგბტქი თემმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლათემში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი ევროკავშირთან დაახლოებისთვის გამოიყენა, არენაზე გამოიყვანა და როგორც ნინო ბოლქვაძე ამბობს, საზოგადოებას მისცა მათი ვოლიერებში ნახვის უფლება. სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ კი ყველაფერი შეწყდა: „ჩვენ გვითხრეს, არა. აი, ეს არის ჩვენი შეკრების თავისუფლება“.
სიცოცხლის უფლება - როცა არ იცი, როგორ გადარჩე
ეს უფლება საფრთხის წინ დგას ყოველდღე. თემის წევრებმა, განსაკუთრებით ტრანსგენდერმა ადამიანებმა არასოდეს იციან, დაბრუნდებიან თუ არა შინ ცოცხლები. ამას გარდა, როგორც ნინო ბოლქვაძე გვეუბნება, 100 გეი მამაკაციდან დაახლოებით 30 აივ-ინფიცირებულია. მათგან, როგორც წესი, მხოლოდ ორმა-სამმა იცის საკუთარი დიაგნოზი და მკურნალობს. დანარჩენები კი არა, რადგან შიდსის ცენტრში მისვლა, იქ ჰომოსექსუალად იდენტიფიცირება და ექიმების მხრიდან ჰომოფობიის ატანა (და როგორც ნინო ამბობს, ყველა კვლევით დასტურდება, რომ ექიმები ჰომოფობიის დონით პოლიციელებსაც კი უსწრებენ) იმდენად რთულია, რომ ამჯობინებენ არ იმკურნალონ: „ადამიანი კვდება იმიტომ, რომ არ მკურნალობს, თემში კი ეპიდემია ვრცელდება“.
ასევე ნახეთ „კლავს სტიგმა და არა შიდსი“
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა - როცა პოლიცია კი არ გიცავს, გჩაგრავს
ლგბტქ თემს ეს უფლება არ გააჩნია. რაც ნიშნავს, რომ როდესაც ნაცემი, გენდერული იდენტობისა და ორიენტაციის გამო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პოლიციაში მიდის, მას პოლიციელები კი არ იცავენ, დამნაშავეს კი არ სჯიან, და დანაშაულის პრევენციას კი არ ცდილობენ, არამედ პირიქით, ხშირად თემის წევრებს თავადაც ჩაგრავენ - ამის გამო კი არასოდეს ისჯებიან.
როდესაც 2017 წლის აგვისტოში, ბათუმში, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს, პოლიციამ ესენი დააკავა.
ასევე ნახეთ ბათუმის პოლიციას ჰომოფობიურ მოპყრობაში ადანაშაულებენ
ჯანდაცვის უფლება - როცა გადასარჩენად ყალბი დიაგნოზი გჭირდება
ჯანდაცვის სისტემაში არ არსებობს განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად ექიმები შეძლებენ ლგბტქ თემის ადამიანს დაუნიშნონ ის წამალი ან გაუკეთონ ის ოპერაცია, რომელიც მას იმისთვის სჭირდება, რომ ცოცხალი გადარჩეს და თავისი გენდერული შეუსაბამობის გამო თავი არ მოიკლას. ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ ექიმი, რომელიც ჰორმონალურ მედიკამენტს უნიშნავს ტრანსგენდერ ადამიანს, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, იმიტომ, რომ მას უხდება საბუთების გაყალბება და ყალბი დიაგნოზის ჩაწერა. მაგალითად, თუ ტრანსგენდერ კაცს საშვილოსნოს ამოკვეთა სჭირდება, მას სჭირდება საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი - სხვანაირად, მას ექიმი ოპერაციას ვერ გაუკეთებს.
ასევე ნახეთ დანაშაულის მოტივი - გენდერული იდენტობა
პირადი ცხოვრების უფლება - როცა ყველამ იცის, ვინ ხარ და რა გჭირს
წარმოიდგინეთ, ტრანსგენდერი კაცი, რომელსაც მკერდი მოკვეთილი აქვს, საშვილოსნო - ამოღებული, ატარებს წვერს, ჩატარებული აქვს ჰორმონალური თერაპია, მაგრამ პასპორტში უწერია, რომ ის ქალია. ყველგან, აეროპორტში, ბანკში, იუსტიციის სახლსა თუ სხვა ადგილას, სადაც მას პირადობის მოწმობის წარდგენა სჭირდება, პირადი ცხოვრების გასაჯაროება უწევს. ეს კი ცვლის მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ანგრევს მის ცხოვრებას: „ეს არ არის პირადი ცხოვრების უფლება, რადგან მე რომ გავამჟღავნო უნებართვოდ ჰეტეროსექსუალი ადამიანის C ჰეპატიტის დიაგნოზი, ციხეში გამიშვებენ“.
სამოქალაქო პარტნიორობის უფლება - როცა შენი საყვარელი ადამიანი ვერც კი დაგმარხავს
- მე მინდა მქონდეს ეს უფლება იმ ადამიანთან, ვინც ამ წუთას ჩემ გვერდითაა. და როდესაც ვკვდებოდი, ჩემი ნათესავები კი არ მედგნენ გვერდით, ის იდგა, ის მივლიდა.
- მე რომ მანქანა დამეჯახოს ან სხვა რამ დამემართოს, მას არ ექნება ჩემი დაკრძალვის უფლება, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ჩემთვის დღეს ყველაფერია - არაფერია სამართლებრივად, კანონით.
- მე რომ იმ დღეს გონება დამეკარგა, ნინოს ჰკითხავდნენ, რა გავაკეთოთ, მოვხსნათ აპარატიდანო? და ის ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას“.
დასაქმების უფლება - როცა შენთან მუშაობა არავის უნდა
ანტიდისკრიმინაციული კანონი მკვდრადშობილია - ასე ფიქრობს ნინო ბოლქვაძე. თემს ის ვერაფერში გამოადგა. ვერ იხსენებს ვერც ერთ ფაქტს, ამ კანონის ძალით ლგბტქ ადამიანებიდან ვინმე სამსახურში აღედგინათ, ან მისთვის კომპენსაცია გადაეხადათ: „არის კომპანიები, სადაც თემის წევრებს უბრალოდ არ ამუშავებენ და ერთი პირსინგიც კი საკმარისია ხოლმე, რომ სამსახურიდან გამოუშვან ისინი".
არის მეორე უკიდურესობაც, ამბობს ნინო: ხშირად, თემის წევრებს, როგორც სატყუარას, ისე იყენებენ - ფასადური უსაფრთხოების სურათის დეკორაციად - მიმტანებად, გამყიდველებად - 24-საათიან რეჟიმში. და ეს, არ არის ღირსეული დასაქმების უფლება.