ქუცნაშვილი: რუს დეპუტატებს ვერ ვეტყვით უარს მიუღებელი განცხადებების გამო

არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებების გამო არ შემოვუშვათ საქართველოში რუსი დეპუტატები, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის საქართველოში არშემოშვების მოთხოვნაზე საუბრისას.

„იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ შემოვუშვათ საქართველოში. მაგ ლოგიკით მაშინ, მეგობრებო, გაეროს გენერალური ასამბლეაზე ჩადის მსოფლიო დიქტატორების ნახევარი და მაშინ ამერიკამ უნდა ჩაკეტოს ნიუ-იორკის აეროპორტები.

საერთაშორისო ასამბლეებში და გენერალურ ასამბლეებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუნდაც მიუღებელი პერსონებისთვის, ეს არის დიპლომატიაში ქაჯობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ჩატარება 19-22 ივნისს თბილისში იგეგმება. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ, მათ შორის, კომუნისტური პარტიიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას. მიზეზებად სახელდება საქართველოსა თუ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არაერთი მავნებლური განცხადება თუ ქმედება.

ქუცნაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სერგეი გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ასამბლეის მონაწილე ორ დეპუტატს ჰქონდა დარღვეული, რომლებსაც შესაბამისად საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების შემდეგ, რომელიც თბილისში გასულ წლებში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა თბილისს მისცემს საშუალებას გახდეს მესამე დიდი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.