მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ლგბტქი თემს გამოხატვის თავისუფლება არ ეზღუდება

„მე ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, 16 ივნისს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ლგბტქი თემისა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების წინააღმდეგ საბრძოლველად, ლეგიონები იქმნება.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანას აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის გამოხატვის უფლება არის დაცული და ქვეყანა ამას უზრუნველყოფს:

„პრობლემები და გამოწვევები, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილია და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ და ახორციელებენ მაღალ დონეზე“.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ პრობლემით აპელირება შედის მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომელსაც სურს საზოგადოებაში არეულობის განცდის შემოტანა:

„პირველ რიგში, ეს არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები არის იდენტური. ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე საკითხი და მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომ ამ საკითხს მოეკიდოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.