სასურველია, რომ საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ისეთი კომპანიები, როგორიც არის ანაკლიის პორტის ოპერატორი კომპანია, უმსხვილესი ამერიკული კომპანია „ესესეი მარინი“ (SSA Marine), - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე. პრემიერმა საგანგებოდ გაიხსენა SSA Marine-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის ფარგლებში.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, კომპანია SSA Marine-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანია და ის განიხილება ანაკლიის პორტის ოპერატორ კომპანიად.
ჩვენ სწორედ მსგავსი მასშტაბისა და პროფილის კომპანიები გვსურს უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტის ფინანსური ნაწილის დახურვის ვადები, პრემიერის თქმით, 2019 წლის ბოლომდე გადაიწევს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელშიც შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).
პორტის ოპერატორ უმსხვილეს ამერიკულ კომპანია “SSA Marine”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თბილისში სტუმრობის დროს.