ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

„ქუდზე კაცი“, - ასე ჰქვია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც მან 15 ივნისს გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ლევან ვასაძე მომავალ კვირაში ლგბტქი თემის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

„არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკვერში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა, იღებს თავის ხელში წესრიგს.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას, - ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში.

ლგბტქი თემის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად იკრიბებიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. 15 ივნისს, მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე მოწოდება გამოქვეყნდა: „ქართული მარში“ ჯერ არ ჩართულა პროცესებში!!! დღეს საგანგებო შეკრებაა ოფისში! ჩვენ ვანახებთ ქართველი ერის ძალას!“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ჯერჯერობით, ლევან ვასაძის მოწოდებასთან დაკავშირებით, უწყებაში კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ განცხადებები მოჰყვა 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლევან ვასაძის მიხედვით, საპატრიარქომ განცხადება სამღვდელოების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, დიპლომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უმცირესობების გამოხატვის უფლების პატივისცემას თხოვდნენ.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, 14 ივნისს ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრებამდე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.