კონტრაქციიდან ლგბტქ აქტივისტების აქციის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის

„წადით თქვე უპატრონოებო", "რას ზიხართ, წადით საქართველოს გამყიდველებო", "ქვეყნის შემარცხვენლებო", "ქათმებო", "უჯიშოებო", "გარეწრებო", "მოდი უნდა ჩაგეხუტო“, - ასეთი შეძახილები ისმის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე. ისინი ამგვარი ეპითეტებით მიმართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის მონაწილეებს.

კანცელარიასთან ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვს აღმართული.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ 8 პირი
დააკავა. ყველა მათგანი კონტრაქციის წარმომადგენელია. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.