რუსეთმა თავისი პასპორტების გაცემა დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში

რუსეთმა დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მაცხოვრებლებისთვის. ამის შესახებ „ერბეკა“ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, პასპორტების გაცემა ხორციელდება ორ დროებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ პუნქტებზეა ლაპარაკი.

მოცემულ მომენტში მოწონებულია ათასზე მეტი განაცხადი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, იტყობინება „ერბეკას“ წყარო. მისი ცნობით, რუსეთის პასპორტები უკვე ითხოვა 12 ათასმა ადამიანმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მაცხოვრებლებისთვის. კრემლის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, პასპორტების გაცემა ხდება ჰუმანიტარული მიზნებით და ადამიანის უფლებების დასაცავად.

უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ ცნობს რუსეთის პასპორტებს, რომლებიც გაიცემა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობაზე. თავის მხრივ, ევროკავშირმა შესაძლოა ბათილად ცნოს დოკუმენტები, რომლებიც ახალი, გამარტივებული პროცედურით გაიცემა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს.