პუტინის თქმით, მოსკოვი არ შეწყვეტს მოლდოვის პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის მხარდაჭერას

მოსკოვი, 2019 წლის 30 იანვარი: მოლდოვისა და რუსეთის პრეზიდენტები, იგორ დოდონი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის მხარდაჭერას კიშინიოვში პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, როცა ორი მთავრობა გამოთქვამს პრეტენზიას ლეგიტიმურობაზე.

პუტინი მოლდოვის საკითხს შეეხო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „მირთან“ 13 ივნისის ინტერვიუში.

იგორ დოდონი ცნობილია თავისი პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციით.

პუტინი მხარს უჭერს მოლდოვის ახალ მთავრობას, რომელიც 8 ივნისს შეიქმნა, როცა დოდონის სოციალისტური პარტიის წევრი პარლამენტარები მოულოდნელად შეუთანხმდნენ პროევროპულ ბლოკს სახელწოდებით ACUM. მათი ალიანსი აკონტროლებს 61 მანდატს სულ 101-ადგილიან პარლამენტში.

ალიანსმა ACUM-ის ლიდერი მაია სანდუ დაასახელა ახალი მთავრობის ხელმძღვანელად.

მაგრამ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ, 9 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სანდუს მთავრობა და გადააყენა იგორ დოდონი.

პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი მმართველი "დემოკრატიული პარტიიდან" ამის შემდეგ შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, დაითხოვა პარლამენტი და გამოაცხადა 6 სექტემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შეახებ.

"დემოკრატიულ პარტიას" სათავეში უდგას ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს მოლდოვის ჩრდილოვან მმართველად.