„გარეჯი საქართველოა“ – 50-მდე ცხენოსანი "გარეჯობას" მხედრული მსვლელობით აღნიშნავს

გარეჯის ცენტრიდან რამდენიმე ათეული ცხენოსანი დაიძრა დავით გარეჯის მონასტრის მიმართულებით, რომლებიც ხვალ, 13 ივნისს, სოფელ უდაბნოსთან „გარეჯობა 2019“ ის ფარგლებში დაგეგმილ ტრადიციული დოღში მიიღებენ მონაწილეობას.

„გარეჯი საქართველოა! ეს არის ჩვენი მსვლელობის მთავარი სათქმელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ცხენოსანი დავით ჩალათაშვილი:

„ქართულად და გემრიელად უნდა ვიზეიმოთ "გარეჯობა". მოყვარემაც დაინახოს და მტერმაც, რომ ჩვენ ჩვენი ტაძრები გვჭირდება. ვიღაცა ცხენით წამოვედით, ვიღაც იცეკვებს... დღეს არის ქართული მხედრული მსვლელობა დროშებით. სპეციალურად რთული მარშრუტი ავირჩიეთ. 50-კილომეტრიანი დისტანცია უნდა დავფაროთ. აქამდე გარეჯში მხედრები დროშებით არ ჩავსულვართ. ჯიპებით ხომ დავდივართ, მაგრამ ცხენებით ჩასვლა, სულ სხვა სულისკვეთებაა“.

გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-80-იან წლებში აღინიშნებოდა.

დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით აღდგა:

„ღონისძიების ფარგლებში კლუბ „ზედაზენისა“ და ახმეტის საცხენოსნო კლუბის ორგანიზებით, 50-მდე მხედარი შეიკრიბა საგარეჯოს ცენტრში და გაემართა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით, სადაც 13 ივნისს გაიმართება დიდი ღონისძიება. ცხენოსანთა ჯგუფი სახელმწიფო დროშებით მიემართებიან კახეთის გზატკეცილიდან უდაბნოს მიმართულებით და ხვალ, 12 საათზე შეუერთდებიან ღონისძიებას და ამ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ტრადიციულ დოღში მიიღებენ მონაწილეობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთევან გრატიაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესმდივანმა.

13 ივნისს დილის რვა საათიდან 12 საათამდე აღევლინება საზეიმო წირვა, წირვის დასრულების შემდეგ კი დაიწყება სახალხო დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ეთნოკუთხე, ტრადიციული დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, საზეიმო კონცერტი.

გარდა ამისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პირებს მიენიჭებათ „საპატიო გარეჯელის“ წოდება.