საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა ხვალ, 12 ივნისს გაიმართება. ცნობილია საბჭოს შემადგენლობაც. საბჭოს 14 კაციანი შემადგენლობიდან, შვიდი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სამი - „ევროპულ საქართველოს“, ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი დამოუკიდებელ დეპუტატია.
„ქართული ოცნებიდან“ ეთიკის საბჭოს წევრები არიან: ირინა ფრუიძე; ნინო წილოსანი; რუსლან გაჯიევი; კობა ლურსმანაშვილი; გენადი მარგველაშვილი; რატი იონათამიშვილი; რუსლან პოღოსიანი.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან ოთარ კახიძე; ხათუნა გოგორიშვილი და სერგი კაპანაძე. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საბჭოში შევიდა მამუკა ჩიქოვანი. ემზარ კვიციანი წარმოადგენს „პატრიოტთა ალიანსს“. დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით შევიდნენ საბჭოში ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი.
ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება და საორგანიზაციო ხასიათი ექნება. საბჭოს შემადგენლობა პირველივე სხდომაზე დაიწყებს მუშაობას დებულებაზე და ყველა იმ ფორმაზე, რომელიც საბჭოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. საბჭოს სხდომები დახურული იქნება, მიღებული გადაწყვეტილებები კი საჯარო და პარლამენტის საიტზე აიტვირთება.
ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. ასევე, ამ საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც.