ელენე ხოშტარია: მობილიზებული ხელისუფლება ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“

შეშინებული ხელისუფლება პანიკაშია, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ვიდეომასალა უჩვენა, რომელიც მისივე განმარტებით ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს ასახავს.

„შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა წარმოგიდგინოთ ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ უბნის წინ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ შემოხაზოს 41. ეს ხდება მე-18 უბანზე. ეს ვითარება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში. ჩვენ ყველა უბანზე მობილიზებული გვაქვს კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაშინებს. ასევე უბნების შიგნით ვართ ძალიან ძლიერად“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ხოშტარიამ.