გორის წისქვილკომბინატის თანამშრომლები უსამსახუროდ რჩებიან

გორის წისქვილკომბინატის მუშების გაფიცვა 2019 წლის მარტში

გორის ყოფილი წისქვილკომბინატის, დღეს კი შპს „კარმენის“ ადმინისტრაციამ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ წყვეტს ხორბლის გადამუშავებას და მის შედეგად მიღებული პროდუქციის, მათ შორის პურის ფქვილის რეალიზაციას და მხოლოდ ხორბლის შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფუნქციას იტოვებს. შესაბამისად, შრომით ხელშეკრულებას უწყვეტს 80-ზე მეტ მუშას.

საწარმოს მუშათა პროფკავშირის ხელმძღვანელი ლევან მთვარელიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშები უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებენ. მთვარელიძე ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკავშირდება მარტის გაფცვას, რომლის შედეგად კომპანიას მუშებისთვის ხელფასი სწორედ ახლა უნდა გაეზარდა, ამიტომ საწარმოს დროებით გაჩერებით გადაწყვიტა მუშების გათავისუფლება.

მარტში, წისქვილკომბინატის მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ და ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას შრომის ანაზღაურების ეტაპობრივად მომატების შესახებ.

სამსახურიდან დათხოვნილი მუშები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.