რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დროებით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს. მიზეზად დასახელებულია დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები, რომელიც 9 ივნისსაა დანიშნული.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 8 ივნისს, დილის 6 საათიდან შეწყდება მოქალაქეთა გაშვება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილებში.“ შეზღუდვა მოიხსნება 11 ივნისს, დილის 6 საათიდან.
ბოლო ერთ თვეში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს მესამედ კეტავს. 8 მაისს მიმოსვლა დროებით აკრძალეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების, ხოლო 24 მაისს სკოლებში „ბოლო ზარის“ აღსანიშნავად.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს. დე ფაქტო ხელისუფლება სწორედ ამ პუნქტს უწოდებს "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილს.“