გვიან ღამით თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრა არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის 10 შვილი.
სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ბავშვების გასამგზავრებლად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა.
ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით თბილისში იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინულმა მხარემ გადაწყვიტა ბავშვებზე ზრუნვა უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელდეს და ამ პროცესში ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური სამსახური. „რაც შეეხება ბრალდებულ იულია სუსლიაკს, ის პატიმრობაში რჩება და მის მიმართ გრძელდება გამოძიება" - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ქართველმა სამართალდამაცვებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისში დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან გამგზავრებას გეგმავდა. ინტოქსიკაციის გამო ბავშვები ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.
იულია სუსლიაკს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავიდანვე აცხადებდა, რომ ყველა ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია.
5 ივნისს, იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10-ივე ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია, მათგან 4-ის ბიოლოგიური მშობელი იულია სუსლიაკია.