ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 3-5 ივნისს გამართულ შეჯიბრებაზე ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ფრიდონ აბულაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) და გიორგი შოთაძე (67 კგ). ლერი აბულაძეს (63 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები სულ ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ყველა სპორტსმენის მიერ ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით, საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 35 ქვეყნის ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

ხვალიდან ევროპის კონკურენციაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და 8-9 ივნისს მათთვისაც მედლების ათი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების სახელით ხალიჩაზე ათი სპორტსმენი გავა.