19 ივნისს ხელი მოეწერება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრები მინსკში მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებაზე. დოკუმენტს შემდეგ შეხვედრაზე მოეწერება ხელი 19 ივნისს. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის მხარის წარმომადგენელი ბორის გრიზლოვი.

მისი თქმით, 10 ივნისს დაიწყება ძალების დაშორიშორება სტანიცა ლუგანსკაიაში.

საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელმა ლეონიდ კუჩმამ თავის მხრივ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება პატიმრების გაცვლის, ასევე რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხის განხილვა.

ეს საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ.