საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა პრაქტიკულად, შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე და მის ფარგლებში, დღემდე სხვადასხვა მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 10-მდე პირი.
ბორცვაძის განცხადებითვე, გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას გაუმყარა კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი.
„სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისი ინფორმაციით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.
არასრულწლოვან დავით სარალიძეს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.
მკვლელობის ბალდებით დააკავეს ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. მას ოფიციალურად პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.
3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.
პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.
რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.