"ქართული ოცნება" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "ევროპულ საქართველოს"

დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომ მმართველი პარტია საარჩევნოდ იყენებს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობას.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, რომ მოახდინოს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ასეთ განცხადებებს ვისმენდით ყველა არჩევნებზე, მაგრამ როგორც წესი, ეს არ დასტურდებოდა. ისინი ცდილობენ არასწორი, გადამეტებული და გაფერადებული ინფორმაციებით მოატყუონ საზოგადოება“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, მთაწმინდის ოლქში ტარდება უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე არჩევნები. „ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

9 ივნისს, მთაწმინდის ოლქში გაიმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე.