დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის მოწმე მიხეილ კალანდია დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდია დაკავებულია.

ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა. "საფუძველი, მოტივი ჩემთვის უცნობია“ - განაცხადა კოტეტიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 12 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. სავარაუდოდ, განცხადება სწორედ კალანდიას დაკავების საკითხზე გაკეთდება.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელებენ სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.