ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ-ს ადვოკატისთვის, რამაზ ჩინჩალაძისთვის გაუგებარია, რატომ დაუმძიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
„სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში. ასევე, დადუნაშვილის ეპიზოდში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოხდა ერთი გაურკვეველი რამ, გ.ბ-ს ჰქონდა მისჯილი 10 წელი და 6 თვე, სასამართლომ ახალი განაჩენით მას 11 წელი და 3 თვე მიუსაჯა. გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი იმ ფონზე, როცა სარალიძის ეპიზოდში სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა. ეს არ განუმარტავს სასამართლოს. როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმედია, იქ ვნახავთ მსჯელობას" - უთხრა ჟურნალისტებს რამაზ ჩინჩალაძემ.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმის, მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის სანდოობის შემთხვევაში, ბრალსაც დაამძიმებდა. „სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სახეზე გვაქვს დაუდგენელი პირები და, რომ კონკრეტული ბრალდებული მოქმედებდა დაუდგენელ პირებთან ერთად", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ორივე არასრულწლოვანს ბრალი ედებოდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, მაგრამ დადგინდა, რომ ერთ-ერთს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, მეორე კი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.
„ისმის ძალიან მარტივი კითხვა, ვინ არიან ის პირები, ვისთან ერთადაც მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში, თუ მეორე არასრულწლოვანს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ტარიელ კაკაბაძემ. ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის „ოქროს მოწმის“ მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომელზეც დგას ბრალდების დადგენილება.
„სასამართლომ ჩვენი პოზიცია გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდიას ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და ეწინააღმდეგება, როგორც სხვა პირთა ჩვენებებს, ასევე მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ პირებს, რომლებიც პასუხისგებაში არ არიან მიცემული და საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოვლენილი არ არიან. საქმე არ არის სწორად გამოძიებული და ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, დიდწილად განსხვავდება ჭეშმარიტებისგან“ - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
მისივე თქმით, აქვთ გონივრული მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო შეეცდება ამის შემდეგ მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომები და პასუხისგებაში მისცემს პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. ადვოკატის შეფასებით, ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვა პირების მიმართ გაცილებით მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებზეც განაჩენი დადგა.
3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.
პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.
რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.