ზაზა სარალიძე: პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს

ზაზა სარალიძე

წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა სამართლიანობის ნაწილობრივ აღდგენა და თქვა, რომ ბრძოლას განაგრძობს.

„არავინ არ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები, ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ აქვს ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს არ შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველანაირად თავი შეიკავონ ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან. ჩემზე უკეთ არავინ იცის, მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.