სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვმუშაობთ, რომ რაღაც სათქმელი გვაქვს და ის უნდა გამოვხატოთ. ამ გამოხატვის პროცესში ავტორიტეტები არ გვყავს. ... ფილმს პირველ რიგში ვაკეთებთ იმიტომ, რომ ის ჩვენ მოგვეწონოს. შემდეგ, იმედია, ის ვინმე სხვასაც მოეწონება. ან არ მოეწონება. მას ან გავყიდით, ან არა. ჩვენთვის სიამოვნება ისაა, რომ ფილმი გადავიღეთ და არა ის დიდება და აღიარება, რომელიც ფილმის გამოსვლას მოსდევს ხოლმე. ჩვენ ფილმებს არ ვიღებთ ‘კაიე დიუ სინემასთვის’, ჩვენთვის ვიღებთ“.
ამ სიტყვებს ამერიკული დამოუკიდებელი კინოს სულიერ მამად მიჩნეული რეჟისორი და პოდკასტის დღევანდელი გამოშვების გმირი, ჯონ კასავეტისი, მასთან სტუდიაში მისულ ფრანგ ჟურნალისტს ეუბნება. და განაგრძობს: „საკუთარ თავს ბოლომდე ვააშკარავებთ. რაც უნდა ხდებოდეს, ვამბობთ - აქ ვართ, ეს ჩვენ ვართ, ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შევძელით. ჩვენ არავინ გვკარნახობს, რა არის სწორი და რა არა. ამიტომაც, თუ დრამატული სცენის შუაში უცებ გაცინება მოგვინდება, გავიცინებთ. თუ ტირილი მოგვინდება - ვიტირებთ. ჩვენს კამერებს არ აქვთ რთული და კომპლექსური ლინზები, ჩვენი ფილმები დამოკიდებული არ არის დახვეწილ კადრებზე. ჩვენი ფილმები გრძნობაა. მთავარია შევძლოთ ცხოვრების სიტუაციებში ადამიანების გრძნობების, განცდების ასახვა - ამას თუ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ კარგი ფილმი გადავიღეთ. მხოლოდ ეს გვინდა - გრძნობის ასახვა“.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
კასავეტისი 1929 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა, ბერძნული წარმომავლობის ამერიკელების ოჯახში. ბავშვობის წლები მან ოჯახთან ერთად საბერძნეთში გაატარა. შეერთებულ შტატებში შვიდი წლის ასაკში დაბრუნდა - მაშინ ინგლისურად არ ლაპარაკობდა. რეჟისორის გარდა, იყო სცენარისტი და მსახიობიც. კინოს მოყვარულებს ახსოვთ, რომ კასავეტისი ქმრის, გაის როლს ასრულებს რომან პოლანსკის მიერ 1968 წელს გადაღებულ, საკულტო ტრილერში „როზმარის ბავშვი“. კასავეტისი 1989 წლის თებერვალში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი რეჟისორი იყო, ნეკროლოგების უმრავლესობაში ის პირველ რიგში მსახიობად მოიხსენიეს.
თავისი ფილმების უმრავლესობას კასავეტისი სტუდიური სისტემის გარეთ იღებდა და მათ თავად აფინანსებდა ხოლმე - ძირითადად სამსახიობო კარიერისგან მიღებული შემოსავლებით. შეეძლო რამდენი ხანსაც მოისურვებდა, იმდენი დაეთმო გადაღების, მონტაჟის პროცესებისთვის. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, სცენებს ხელმეორედ იღებდა, ან თავიდან ამონტაჟებდა. ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, კასავეტისი ფილმებს იღებდა ისე, როგორც პოეტები წერენ, ან მხატვრები ხატავენ ხოლმე. და თავისუფლების ეს ხარისხი მის ყველა დამოუკიდებელ ფილმში იგრძნობა - რაოდენ განსხვავებულიც უნდა იყოს ისინი.
კასავეტისის პერსონაჟები ხშირად ამერიკის საშუალო კლასის წარმომადგენელი ქალები და კაცები არიან - იმიგრანტების შთამომავლები, ბიზნესმენები, ხელოვანები, რომლებიც სოციალურ კიბეზე მაღლა მიიწევენ და ურბანულ ბურჟუაზიას ქმნიან. ამ პერსონაჟების სახეებით კასავეტისი ლამის ბუნუელისეული სიმწვავით გვაჩვენებს თავდაჭერილობის ფასადს მიღმა დამალულ ვნებებს, ელეგანტურ კოსტიუმებს მიღმა დამალულ ირაციონალობას, აგრესიას, შიშებს, ფობიებს, კრიზისებს - მაგალითად ფილმებში „სახეები“, „პრემიერა“, „ქმრები“. ადამიანების ემოციებს და განცდებს ისეთი სიმძლავრით გადმოსცემს ინტიმური, ფაქიზი, აგონიური ახლო ხედებით, რომ, ბევრის აზრით, ამ თვალსაზრისით ბერგმანსაც კი უსწრებს.
მაგრამ ამ, და კიდევ ბევრი, ასე ვთქვათ, კონკრეტული მახასიათებლის მიღმა, კასავეტისის კინოს თან დაჰყვება კიდევ „რაღაც“, რაც მისი ფილმების ყურებას უნიკალურ, განუმეორებელ, დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. კასავეტისთან „მნიშვნელობა“ არასოდესაა მყარი ან ცალსახა - ის წამიერია, დინამიკური და ცვალებადი. და მას ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი სიტუაციები, პერსონაჟების სხეულები, ჟესტები, ერთმანეთთან კავშირები თუ ინტონაციები ქმნის. როგორც ცეკვის ყურებისას, ან ჯაზის მოსმენისას, მნიშვნელობა მუდმივად მოქმედებაში იქმნება. და მის შექმნაში ჩვენ - მაყურებლები - აქტიურ მონაწილეებად ვრჩებით. კასავეტისის კინოს აღქმა ჩვენგან ყველა ემოციის ჩართვას და მთელი ინტუიციის გააქტიურებას მოითხოვს.
პოდკასტის სტუმარია შეერთებულ შტატებში კასავეტისის შემოქმედების ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, კულტურის ცნობილი თეორეტიკოსი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რეი კარნი, რომელიც რეჟისორს პირადად და კარგად იცნობდა. პროფესორი კარნი გვიყვება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც კასავეტისის კინო მის სიცოცხლეში ბუნდოვანი და გაუგებარი გახადა როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების დიდი ნაწილისთვის, გვიხსნის, როგორ "გაათავისუფლა" კასავეტისმა კინომსახიობი და კინოკამერა, გვიყვება რეჟისორთან დაკავშირებულ პირად მოგონებებს და გვიმხელს, რომ კასავეტისის კინო ყოველთვის შეიცავს ავტობიოგრაფიულ ასპექტებს - მისი შემოქმედების ტრიუმფად მიჩნეული სურათის, 1974 წელს გადაღებული ფილმის „ქალი გავლენის ქვეშ“ ჩათვლით, რომელშიც მთავარ როლს ბრწყინვალე მსახიობი და კასავეტისის ცოლი, ჯენა როულენდსი ასრულებს.