რუსეთის კინოგაქირავებაში ფილმი „როკეტმენი“ ცენზურას დაექვემდებარა. ცენზურა შეეხო როგორც რუსულ ენაზე დუბლირებას ასევე სუბტიტრებს, - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე რუსი კინოკრიტიკოსი და ჟურნალ "ისკუსტვო კინოს" რედაქტორი ანტონ დოლინი.
ფილმიდან ამოჭრილია სექსუალური შინაარსის ყველა სცენა, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ. ფილმში შეკვეცილია ის კადრებიც, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაა ნაჩვენები. ფილმიდან ამოჭრეს ბოლო ტიტრიც. ორიგინალში ელტონ ჯონი ამბობს, რომ თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა და საყვარელ მამაკაცთან ერთად შვილს ზრდის. დედა კი ელტონ ჯონს ეუბნებოდა, რომ "ის მარტოობისთვისაა განწირული“. ფილმის რუსულ ვერსიაში ამის ნაცვლად წერია, რომ მუსიკოსმა შიდსთან ბრძოლის ფონდი დააარსა და დღემდე აგრძელებს ფონდთან თანამშრომლობას
„ფილმიდან სულ 5 წუთია ამოჭრილი, მაგრამ ეს ძალიან თვალსაჩინოდ ეტყობა. საუბარია მხატვრული ჩანაფიქრისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან 5 წუთზე“,- წერს ანტონ დოლინი.
ამის მიუხედავად, გმირის სექსუალობის თემა ფილმში მაინც ცენტრალურია, ასე რომ არა ფილმის მოკლემეტრაჟიანი გამოვიდოდა. ფოლმი მხოლოდ სრულწლოვანთათვისაა განკუთვნილი, თუმცა „ბავშვისთვის მისი ჩვენება თავისუფლად შეგიძლიათ“,- წერს დოლინი „უკიდურეს შემთხვევაში ისინი გკითხავენ - რა არის გეი? თქვენ კი უპასუხებთ,- შვილიკო, ეს არის ფერადსამოსიანი, ბრჭყვიალებიანი ბიძია, რომელიც სულ ნერვიულობს“.
დოლინის თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ოფიციალური გამქირავებელი „Paramount“-ი საქმის კურსშია, ისინი ფილმის პრემიერასაც ესწრებოდნენ.
„ბოდიში სერ ელტონ“, - ამ სიტყვებით ასრულებს პოსტს ანტონ დოლინი.
„როკეტმენი“-ს პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმს ხვალიდან უჩვენებენ ქართული კინოდარბაზებში.