ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ნანა კოსტავამ. გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს, 31 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
დღესვე განიხილება საკრებულოს გენდერული საბჭოდან კოსტავას გაწვევის საკითხი.
ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრმა ნანა კოსტავამ 28 მაისს, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო მინაწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
ბლოგერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ნინოსხევში იპოვეს.
ნანა კოსტავამ პოსტი 30 მაისს წაშალა და განმარტება გააკეთა:
„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად. მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს. ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს. მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.