რომან კაკულია: საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება

რომან კაკულია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ანაკლიის პორტის გარშემო აჟიოტაჟის საფუძველი დღეს არ არსებობს. კაკულია სავარაუდოდ, შეცდომად მიიჩნევს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად გარკვეული ნებართვის გაცემას.

„ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა და იმედია, დღის განმავლობაში გამოიყენებენ. რეალობა არის ის, რომ ალბათ, ძალიან არასასურველი შეცდომა იქნა დაშვებული უწყების მხრიდან. თუ რაიმე სხვასთან გვაქვს საქმე ალბათ, მინისტრი გაერკვევა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ცხადია, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება“ - უთხრა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი ცალკე თემაა, რომელსაც აქვს ერთადერთი გამოწვევა - კონკურენტუნარიანობა და ამის შესახებ განახლებადი ინფორმაციის მიწოდება ინვესტორებისთვის, რომლებსაც პროექტის კონკურენტუნარიანობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ.

„ეს არის ანაკლიის პორტის მთავარი გამოწვევა და არა მთავრობის არასაკმარისი ყურადღება. მოდით, გავყოთ ერთმანეთისგან ანაკლიის პორტისადმი დამოკიდებულება და ის არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც მოხდა ფოთის პორტთან. ფოთის პორტსაც ვერავინ აუკრძალავს განვითარებას, თუმცა კანონიერების ფარგლებში. თავისთავად ცხადია, ანაკლიის პორტის შემთხვევაში იმიტომ გამოიკვეთა სიტყვა ღრმაწყლოვანი, რომ თავის თავში მოიცავდა უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც იმ ტერიტორიასთან არის დაკავშირებული. ცხადია, ეს არ უნდა დაიკარგოს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამისთვის და იმედია, კონსორციუმიც სათანადოდ შეასრულებს მოთხოვნებს. „მოდით, ნუ ავწევთ დიდ აჟიოტაჟს, რომლის საფუძველიც დღეს არ არსებობს,"- თქვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.

30 მაისს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.