ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის პერიოდში ვენესუელის ეკონომიკა 50%-ზე მეტით შემცირდა

ნიკოლას მადურო ვენესუელის სამხედროებთან შეხვედრისას. 2019 წ. 3 თებერვალი.

ვენესუელის ეკონომიკა 50%-ზე მეტით შემცირდა მას მერე, რაც ქვეყანას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ჩაუდგა სათავეში 2013 წელს. ამის შესახებ იტყობინება ესპანური გამოცემა El Pais-ი ვენესუელის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, ანგარიში პირველად გამოქვეყნდა 2015 წლის შემდეგ. მაშინ ინფლაცია 180%-ს შეადგენდა. შარშან ამ მაჩვენებელმა 130 ათასი პროცენტი შეადგინა. ვენესუელის პარლამენტისა და დამოუკიდებელი ეკონომისტების შეფასებით, ინფლაციის შარშანდელი დონე მილიონ 700 ათასი პროცენტი იყო. როგორც მოელიან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ათ მილიონ პროცენტს მიაღწევს.

ხელისუფლების სათავეში მადუროს ყოფნის პერიოდში ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამჯერ შემცირდა. თავად ნავთობის მოპოვების მოცულობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

როგორც El Pais-ი აღნიშნავს, ვენესუელის ეკონომიკის კოლაფსი გაძლიერდა გასული წლის ბოლოს, ახალი ამერიკული სანქციების შემოღებამდე და მადუროსთან ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს დაპირისპირებამდე.

მიმდინარე წლის იანვარში გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ქვეყნის ლიდერად გუაიდო ცნო აშშ-მა, დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. მადუროს მხარს უჭერენ ჩინეთი, რუსეთი, კუბა და თურქეთი.