უგულავა ელისაშვილ-იოსელიანს ბრალს ფარისევლობაში სდებს

გიგი უგულავა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუქით გამოეხმაურა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილთან ერთად „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს.

უგულავა ფიქრობს, რომ ელისაშვილ-იოსელიანს მეტი დაფიქრება მართებთ, რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე.

„ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი(შესაბამისად ელისაშვილი). ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა, მაშინ რატომ არ ჰკითხა თავის ამომრჩეველს ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ - მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?! მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი“ - წერს გიგი უგულავა.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატების, შალვა შავგულიძის და ლადო კახაძის მონაწილეობით.