უხვი ნალექის გამო თბილისში მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.

ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.