ჭიათურელი მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ ტყიბულელი მეშახტეები. რამდენიმე ათეული ადამიანი 25 მაისს საგანგებოდ ჩავიდა ჭიათურაში, სადაც უკვე მე-9 დღეა მაღაროელების შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.

ჭიათურელები ტყიბულელებს ტაშით შეეგებნენ და მადლობა გადაუხადეს. ისინი ამბობენ, რომ შრომის უმძიმესი პირობები, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა, ჭიათურელებისა და ტყიბულელების საერთო პრობლემაა.

„აქცია სამართლიანია. ვიზიარებთ ყველა მოთხოვნას. ამიტომ ტყიბულელი მეშახტეები ჭიათურელების გვერდით ვართ... მთელი ტყიბული ტიროდა ამ დღეებში ჭიათურაში განვითარებული მოვლენების, ამ აქციის გამო. მთელი საქართველო უნდა დაუდგეს ამ ხალხს გვერდით.

ჩვენ ვიცით, რა არის მაღარო, ჩვენ ვიცით, რა არის შახტა... ვიცით, რა არის ასეთი სამუშაოს ფასი და რამდენი ადამიანი შეეწირა ამ საქმეს. ახლა დაახლოებით 50 ადამიანი ჩამოვედით, მაგრამ, თუ საქმეს დასჭირდა, ასობით და ათასობით ადამიანიც ჩამოვა ტყიბულიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტყიბულიდან ჭიათურაში ჩასულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მაღაროელები ჭიათურაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. ამ ეტაპზე მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს, მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.

მაღაროელთა მოთხოვნებია:

  • ხელფასის მომატება 30%-ით (და რეორგანიზაციის შემდეგ +20%);
  • ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება;​
  • მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა;

მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო.

25 მაისს ჭიათურელმა მაღაროელებმა ულტიმატუმს უყენებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ჭიათურიდან, თუკი ორშაბათამდე მაღაროელთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ორშაბათიდან მათ ექნებათ ერთადერთი მოთხოვნა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა.