ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისადა ჩაწერის ფაქტები, გაზრდილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვიც. ამას ადასტურებს სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი.
IDFI-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება.
2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი.
86%-დან 96%-მდეა გაზრდილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც.
მსგავსია ტენდენცია სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებითაც.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი.
„ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.
IDFI საგულისხმო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი.
ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნების ფაქტებიც. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.