"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნაცემია, ოპერატორი გამოკითხვაზეა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის რეგიონული კორესპონდენტი ედიშერ მუშკუდიანი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მას სავარაუდოდ 4-დან 6-მდე მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

"პაციენტს მოტეხილი აქვს ცხავის ძვალი და თვალ-გულის ქვედა კიდე. აქვს ცხვირის ზედაპირული ტრავმა და თვალის კაკლის დაჟეჟილობა. ის მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში". - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ჯანელიძემ, ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზემო მესხეთში დაესხნენ თავს. გადამღები ჯგუფი მეორე დღეა, რაც სოფელში შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს შესახებ ისტორიაზე მუშაობს.

"რუსთავი 2" -ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერაზე უარი უთხრეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი გამორთული კამერით ტერიტორიას ტოვებდნენ და მანქანაში სხდებოდნენ.

“ოპერატორმა მოასწრო და გადაიღო როგორ ჰყავთ ედიშერი მომწყვდეული მანქანის კართან და ურტყამენ. ვიდეომასალაში ჩანს 4 ადამიანი, თუმცა ედიშერი ამბობს, რომ 5-6 მამაკაცი უნდა ყოფილიყო. კადრები, როგორც ვიდეომტკიცებულება ჩვენ უკვე გადავეცით პოლიციას, ოპერატორი, როგორც თვითმხილველი გამოკითხვაზე იმყოფება”, - ამბობს ჟურნალისტი და წამყვანი ნოდარ მელაძე.

მისი ვარაუდით ჟურნალისტებზე თავდამსხმელები არ უნდა ყოფილიყვნენ სიუჟეტის გმირის ნათესავები, რადგან გადამღები ჯგუფის ინფორმციით იმ მომენტისთვის მკვლელობაში დადანაშულებული დედის ოჯახის წევრები სოფელში არ იმყოფებოდნენ.

შსს განცხადებით, იდენტიფიცირებულია თავდასხმაში მონაწილე ერთი ადამიანი და ის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. შსს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პრიმა და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

126-ე მუხლის პრიმა ნაწილი გულისხმობს: ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დანაშული კი ჩადენილია ჯგუფურად, რამდენიმე ადამიანის მიმართ.

რაც შეეხება 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, ეს გულისხმობს ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.

"რუსთავი 2" ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება, ის გონზეა.